მთავარი ქვეყნები მოქალაქეთა ჩართულობა

მოქალაქეთა ჩართულობა

"მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", მათ შორის ადგილობრივ დონეზე, ნათლად არის ასახული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაში. მისი დამატებითი ოქმის თანახმად, „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის უფლება ნიშნავს მოქალაქის უფლებას, განსაზღვროს ან გავლენა მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განხორციელებაზე“. საჯარო სერვისების შემუშავებასა და შეფასებაში მოქალაქეების ჩართულობით, ადგილობრივი ხელისუფლება ქმნის პოლიტიკის უკეთესი შედეგების მიღების ნიადაგს და ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის.

მოქალაქეთა მონაწილეობა გულისხმობს კომუნიკაციას სხვადასხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ჟურნალისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი თემი და აქტიური მოქალაქეები.

მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, რომელიც ითვალისწინებს ფართო საზოგადოების, ექსპერტებისა და წარმომადგენლობითი ჯგუფების, მათ შორის, მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების შეხედულებებს. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა გულისხმობს იმ პირთა ჩართულობას, რომელთა ცხოვრებასა და ინტერესებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირების უზრუნველსაყოფად, საჯარო კონსულტაციები უნდა დაიწყოს მანამ, სანამ ხელისუფლება შესაბამის მოქმედებას დაიწყებს, ან სანამ მოამზადებს გადაწყვეტილების პროექტს. უფრო ღია საკონსულტაციო პროცესი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენას, შემდეგ კი განიხილავს პოლიტიკის სხვადასხვა სცენარებს, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მონაწილეობის ფორმები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგ კატეგორიებად ჩართულობის დონის მიხედვით:

  • საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივი პრიორიტეტების, სამთავრობო პროგრამებისა და გეგმების შესახებ;
  • საზოგადოებასა და/ან ცალკეულ ჯგუფებთან კონსულტაციების გამართვა საჯარო პოლიტიკების შესახებ, მათი გამოცდილებისა და ექსპერტიზის გასაზიარებლად;
  • ცალკეულ ჯგუფებთან თანამშრომლობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელი გზების საძიებლად (მათ შორის, თანამონაწილეობითი პროცესები, როგორიცაა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმები);
  • ადგილობრივი თემების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ხმის მიცემისა (როგორიცაა მონაწილეობითი ბიუჯეტირება და რეფერენდუმი) და სხვა საშუალებებით.

 

დამატებითი ოქმის თანახმად, „კანონმა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების განხორციელების საშუალებები“. მონაწილეობის ხსენებული ფორმების ეფექტური ამოქმედებისათვის, მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონების, რეგულაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, ისევე როგორც ძლიერი პოლიტიკური ნების არსებობა.

ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება ამავდროულად უნდა იყოს ეფექტური და საზოგადოება კარგად უნდა იყოს ინფორმირებული მათი უფლებების, შესაძლებლობებისა და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესახებ. პოლიტიკის შემუშავების პროცესები წინასწარ უნდა იყოს მკაფიოდ გაჟღერებული, რათა მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს მიეცეს საშუალება მოამზადონ თავიანთი წინადადებები და ინტერვენციები. არსებითი ჩართულობის მიზნით, უნდა გამოქვეყნდეს ზუსტი ვადები მოქალაქეთა ჩართულობისთვის; ამასთან, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების უკუკავშირი იმ პირთა მიმართ, ვინც წარადგინა პოლიტიკის წინადადებები ან რეკომენდაციები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინტერესებული მხარეების შეხედულებები და პოზიციები სათანადოდ იყოს ასახული და გათვალისწინებული პოლიტიკის მიღებისას, ხოლო უკუკავშირის მეშვეობით ნათლად უნდა იყოს განმარტებული ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა, ან არ მოხდა წარდგენილი წინადადებების მიღება. ასეთი ინკლუზიური მიდგომა უზრუნველყოფს, რელევანტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და კომპლექსური პოლიტიკის შემუშავებას, ამავე დროს, იგი ითვალისწინებს საზოგადოების საჭიროებებს.

ადგილობრივი ხელისუფლება აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი კადრებით, რომლებიც გაწვრთნილნი არიან საჯარო კონსულტაციების მართვის პროცესში და მოქალაქეებს სთავაზობენ სწრაფ და ყოვლისმომცველ უკუკავშირს.

ამგვარი ინკლუზიური მიდგომები უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ უკეთეს და შესაფერის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ითვალისწინებენ საჯარო ინტერესებს და კარგად გააზრებულია მოქალაქეების მიერაც. ამასთან, ადგილობრივი თემები ივითარებენ შორეულ პერსპექტივაზე გათვლილ უნარებს, გააჟღერონ მათი წუხილები, ჩამოაყალიბონ პრობლემის გადაწყვეტის გზები და მონიტორინგი გაუწიონ მათ ეფექტურ განხორციელებას, რაც გამოიწვევს ადგილობრივი სერვისების მიწოდების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას.

 

ზოგადი ადგილობრივი კონტექსტი

2014 წლის თებერვალში შემუშავებული საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - არა მხოლოდ ცალკე თავს უთმობს მოქალაქეთა ჩართულობას, როგორც პრინციპს, არამედ ავალდებულებს მუნიციპალურ დაწესებულებებს უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა. მეტიც, კოდექსი ჩართულობის ფორმებსა და მექანიზმებსაც განსაზღვრავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს წარმოადგენს: დასახლების საერთო კრება;[i] პეტიცია;[ii] სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;[iii] მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;[iv] მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა;[v] და საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობა.

მონაწილეობის აღნიშნული მექანიზმების მიღების მიუხედავად, კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი სათანადოდ არ არის აღსრულებული. კერძოდ, IDFI-ის ყველა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ეროვნული შეფასების (LSG ინდექსი) მიხედვით, მრჩეველთა საბჭოები არ არის შექმნილი ყველა მუნიციპალიტეტში, მხოლოდ 26 მერმა გამართა საკუთარი საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, და ბიუჯეტში მონაწილეობის მხარდამჭერი პროგრამა დაფიქსირდა მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში. დეცენტრალიზაციის ახალი 2020-2025 წლების სტრატეგიის ხედვა ეხება ამ საკითხს და მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვით, აქტიური მონაწილეობის გაძლიერებას.



[i]სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

[ii] მონაწილეობის ფორმა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს ან საერთო კრებას შეუძლია შეიტანოს ერთობლივი განცხადება საკრებულოში.

[iii]მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი და მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

[iv] სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი კომისიის საჯარო სხდომებს. საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები თავმჯდომარეს, მომხსენებელს და თანამომხსენებელს.

[v] მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

ღია პოლიტიკის შემუშავება

ღია პოლიტიკის შემუშავება ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს გამჭვირვალობას, უახლესი ინტერაქციული საშუალებების გამოყენებას, განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში, და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას. არ არსებობს ღია პოლიტიკის შემუშავების ერთი გზა, სხვადასხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მიდგომა ესაჭიროება.

 

საერთაშორისო სტანდარტები

ღია პოლიტიკის შემუშავების მიდგომები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს მიაღწიონ უფრო ინფორმირებულ და უკეთ შემუშავებულ პოლიტიკის შედეგებს თანამონაწილეობითი მიდგომებით, რომლებიც ეყრდნობა სხვადასხვა პერსპექტივებსა და გამოცდილებას. სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტები და ანალიტიკური ტექნიკა გამოიყენება ისე, რომ პოლიტიკა უფრო მტკიცებულებებსა და მონაცემებზე დაფუძნებული იყოს. ჩართულობის მოდელები შეიძლება მოიცავდეს მოქალაქეთა წარმომადგენლობით პანელს, პოლიტიკის იდეების ირგვლივ ე.წ. „crowdsourcing“-ს, ან კოლექტიური ინტელექტის გამოყენებას მრავალფეროვანი საზოგადოების ცოდნისა და გამოცდილების გამოსაყენებლად.

 

ღია მონაცემებისა და მოქალაქეთა ჩართულობის საშუალებით, უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი; ასევე როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე გადაწყვეტის პროცესებში, მეტი ინოვაციური მიდგომების გამოყენებაა შესაძლებელი. ღია პოლიტიკის შემუშავების სარგებელის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლოა შექმნას ღია პოლიტიკის შემმუშავებელი ჯგუფი, რომელიც აქვეყნებს პოლიტიკის გადაწყვეტილებების ფორმირებისთვის აუცილებელ მონაცემებს. აღნიშნული ჯგუფი ასევე ამზადებს საჯარო მოხელეებს მონაცემებთან მუშაობაში. რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებაზე იყოს დაფუძნებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული ღია პოლიტიკის შემუშავების სტანდარტები, ქვემოთ ჩამოთვლილი მასალები მოიცავს მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას:

 

ადგილობრივი კონტექსტი

საქართველოში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის წარმოება გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელემენტებს მოიცავს. მაგრამ ღიაობა ხშირად შეზღუდულია კონკრეტული პოლიტიკური პროცესების დროს. რამდენადაც საქართველოში არ არსებობს ღია პოლიტიკის შემუშავების ერთგვაროვანი სამართლებრივი ჩარჩო, გამჭვირვალობისა და მოქალაქის ჩართულობის ხარისხი განსხვავებულია ყველა ცენტრალურ და ადგილობრივ საჯარო დაწესებულებაში. გამჭვირვალობა, ჩართულობა და საერთო პოლიტიკის შემუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო ადმინისტრირების რეფორმის განხორციელებისთვის. უკანასკნელ წლებში ღია პოლიტიკის შემუშავების პროცესში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი წარმატება, რამდენადაც მოქალაქეებმა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა ბევრი სარგებელი დაინახეს ერთობლივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ამ მხრივ ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) გავლენა მოახდინა ცენტრალური და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების მიდგომებზე. სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ OGP-ს სამოქმედო გეგმის წარმატებით შემუშავების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ერთობლივად მუშაობის გამოცდილება შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ადგილობრივ დონეზე. აღნიშნულმა, ასევე, ხელი შეუწყო OGP-ის რეგიონულ  ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ ღია მართველობის დანერგვას ადგილობრივ დონეზე. ქვეყნის მასშტაბით ამბიციური ვალდებულებების განხორციელებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, OGP-ის ვალდებულებების შემუშავება, როგორც ეროვნულ, ასევე, ადგილობრივ დონეზე, მიმდინარეობს ადგილობრივი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.

 

კანონმდებლობა

ცენტრალურ დონეზე არ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო ღია პოლიტიკის შემუშავების უზრუნველსაყოფად; თუმცა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი  უზრუნველყოფს ღია პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობის გარანტიებსა და ფორმებს. კერძოდ, მუნიციპალურ საჯარო დაწესებულებებს და საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ, უზრუნველყონ ორგანიზაციული და ტექნიკური შესაძლებლობები, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, დაესწრონ მუნიციპალიტეტის სხდომების საჯარო მოსმენებსა და მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კანონით გათვალისწინებული ღია პოლიტიკის შემუშავების ზოგიერთი ფორმაა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება, საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი  ითვალისწინებს ღია პოლიტიკის შემუშავების ისეთ ფორმების არსებობას როგორიცაა: მოქალაქეებისთვის დასახლების საერთო კრება; პეტიცია; მუნიციპალიტეტის მერთან/რაიონის გამგებელთან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების შექმნა; მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

 

გაიდლაინები

OGP-ში ჩართულობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ აუცილებელია ღია პოლიტიკის შემუშავების მუდმივი მექანიზმის ჩამოყალიბება საქართველოს მუნიციპალიტეტებში. იმ წარმატების გათვალისწინებით, რომელიც მიღწეულ იქნა 2017 წელს OGP-ის რეგიონული სამოქმედო გეგმის საპილოტე გაშვების შედეგად, აშკარა გახდა, რომ ღია სამთავრობო ინიციატივები წარმატებით მუშაობს არა მარტო ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზეც. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, გამოყენებულ იქნეს მოქალაქეთა ჩართულობის ისეთი საშუალებები, როგორიცაა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, იმისათვის, რომ  დაიწყოს ადგილობრივი OGP სამოქმედო გეგმების შემუშავება. აღნიშნული სამოქმედო გეგმების მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, კორუფციის თავიდან აცილება, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ინოვაციების პოპულარიზაცია.

 

კარგი პრაქტიკა

2016 წელს თბილისის მერია გახდა OGP-ის საპილოტე რეგიონული  პროგრამის წევრი და პირველად შეიმუშავა OGP-ის რეგიონული სამოქმედო გეგმა. მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების, კონკრეტული ვალდებულებების შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, სამოქმედო გეგმა შემუშავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით და ხელმისაწვდომი გახდა საჯარო განხილვისთვის. შეიქმნა თბილისის მერიის მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა სამოქმედო გეგმისათვის აქტივობების შეთავაზების შესაძლებლობა და სამოქალაქო საზოგადოებამ და თბილისის მერიამ აქტიურად იმუშავეს სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. 2017 წლის თბილისის სამოქმედო გეგმა მოიცავს ხუთ ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას, ასევე ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ღია მმართველობის პრინციპების განხორციელების ინსტიტუციონალიზაცია და შეიტანა ცვლილებები რეგლამენტში. ცვლილებების თანახმად, უმაღლეს საბჭოში შეიქმნა მუდმივმოქმედი ღია მმართველობის საბჭო. ღია მმართველობის საბჭოს აქტივობების მხარდასაჭერად, დაფუძნდა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია აჭარაში მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. საკონსულტაციო ჯგუფმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს, წარუდგინა წინადადებები და რეკომენდაციები OGP-ის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. საკონსულტაციო ჯგუფი მხარს უჭერს ღია მმართველობის საბჭოს მხრიდან ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას. 2020 წლის აგვისტოში დამტკიცდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგება 15 ვალდებულებისგან და ითვალისწინებს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლებასა და ადგილობრივ დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

 

მონაწილეობითი ბიუჯეტირება

მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა, მონაწილეობითი ბიუჯეტირება, ხელს უწყობს მოქალაქეებსა და სათემო ჯგუფებს, მოახდინონ ახალი ინიციატივების წარდგენა საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც უნდა დაფინანსდეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. სხვადასხვა მოდელები მოიცავს არაერთი პროექტის მხარდაჭერას მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის საშუალებით, მათ შორის ონლაინ რეჟიმში. მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების წევრებს აძლევს საშუალებას, უშუალოდ თქვან, როგორ უნდა დაიხარჯოს საზოგადოებრივი ფული. ის ქმნის მოქალაქეების ჩართულობის, ცნობიერების ამაღლებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს არაეფექტურობისა და კორუფციის შემცირებას.

საერთაშორისო სტანდარტები

მონაწილეობითი ბიუჯეტირება დაიწყო პორტო ალეგრეში, ბრაზილია, 1980-იანი წლების ბოლოს და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირება იყოს ინკლუზიური და ეხებოდეს სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის უმცირესობებს და მოწყვლად ჯგუფებს, აუცილებელია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზება. ამასთან, აუცილებელია მოქალაქეთა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა, თუ როგორ უნდა მოამზადონ წინადადებები განსახილველად. გენდერულად მგრძნობიარე თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ხელმისაწვდომობას და ინკლუზიურობის გათვალისწინებით, იგი შესაძლოა დაიგეგმოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული სტანდარტები მონაწილეობითი ბიუჯეტირების დასანერგად, ქვემოთ ჩამოთვლილი მასალები შეიძლება საინტერესო იყოს მკითხველისთვის:

ადგილობრივი კონტექსტი

მონაწილეობითი ბიუჯეტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად; თუმცა საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამისი მექანიზმების გაუმჯობესების საქმეში აღმასრულებელმა, საკანონმდებლო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადადგან დამატებითი ნაბიჯები. ამჟამად, საქართველოში არსებობს მონაწილეობითი ბიუჯეტირების შეზღუდული მექანიზმები. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებულია საბიუჯეტო პროცესის შესახებ და ბიუჯეტის პროექტები სისტემატურად ატვირთულია ფინანსთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ვებგვერდებზე, საზოგადოებას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მონაწილეობითი ბიუჯეტირება ხელს უწყობს კომუნიკაციის გაზრდას ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის და ასევე პოზიტიურად მოქმედებს ადგილობრივ ინსტიტუტებში საზოგადოებრივი ნდობის გაზრდაზე. ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა გააძლიერებს საზოგადოების ზედამხედველობას ბიუჯეტის ხარჯვის პროცესზე, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

ბოლო წლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გარკვეული ნაწილის მიერ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვა პოზიტიურ ტენდენციად შეიძლება შეფასდეს. 2019 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით ჯამში ცხრა მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას ახორციელებს, კერძოდ: ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდის, მესტიის, წყალტუბოს, ქუთაისის, ახალციხის, გორისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები. ინიციატივის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საზოგადოებრივი ინიციატივებისთვის კონკრეტული ბიუჯეტია გამოყოფილი. მოქალაქეებსა და საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი იდეები მერიას წარუდგინონ. საბოლოო ჯამში, სპეციალური კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ინიციატივას დაუჭირონ მხარი.

მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობისთვის. ღია მმართველობის სამოქმედო გეგმები ითვალისწინებენ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის ინსტიტუციონალური მექანიზმების განვითარებას. ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმები მიზნად ისახავენ საჯარო რესურსების უკეთესი მენეჯმენტის დანერგვას, საბიუჯეტო გამჭვირვალობის გაზრდას და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას.

 

კანონმდებლობა

ამჟამად არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ არეგულირებს მონაწილეობით ბიუჯეტირებას. დღევანდელი სისტემა მოქალაქეთა მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით პირდაპირ არ იძლევა ბიუჯეტის პროცენტული გადანაწილების საშუალებას. თუმცა, მუნიციპალიტეტების გარკვეულმა ნაწილმა მონაწილეობითი მექანიზმის შემუშავების ვალდებულება აიღო და ამისათვის წლიურ ბიუჯეტში გარკვეული რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო.

ამასთან, საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შესაძლებელია ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მიმდინარე საჯარო დისკუსიების/შეხვედრების მეშვეობით. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, მერი ბიუჯეტის პროექტს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე წარუდგენს საკრებულოს. საკრებულოს შემდეგ აქვს 5-დღიანი ვადა, ბიუჯეტის პროექტი წარადგინოს საჯარო განხილვისთვის და შემდეგ დაუბრუნოს ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით, 25 ნოემბრამდე. მერია 10 დეკემბრამდე საკრებულოს უბრუნებს შესწორებულ ბიუჯეტს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული. კანონმდებლობის თანახმად, 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, და შემდეგ 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არის საჯარო განხილვისა და მიღების ორი შესაძლებლობა. საბიუჯეტო კონსულტაციები და ზემოაღნიშნული ვადა მერიას ეხმარება ადგილობრივი საჭიროებების გააზრებასა და ყოველწლიურ მუნიციპალურ ბიუჯეტში მოქალაქეებისათვის პრიორიტეტების  განსაზღვრაში.

 

გაიდლაინები

პარტნიორების მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა მოქალაქის გზამკვლევი სახელმწიფო ბიუჯეტებისთვის. გზამკვლევი მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას საბიუჯეტო პროცესის, ძირითადი ფისკალური პროცედურების, სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების, ხარჯებისა და შუალედური ფისკალური პოლიტიკის დოკუმენტის მიმოხილვას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გზამკვლევი არ არის დამტკიცებული სამართლებრივი აქტით, მოქალაქის გზამკვლევი საქართველოში საბიუჯეტო პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყაროა.

გარდა ამისა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) დახმარებით მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო  მომზადდა, რომელიც მიმოიხილავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიზანს, ისტორიულ კონტექსტს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ძირითად მოდელებს, მარეგულირებელ ჩარჩოს, აგრეთვე ბიუჯეტირების სხვადასხვა გზებს, საშუალებებსა და ინსტრუმენტებს. სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის  შეტანის მიზნით.

რამდენადაც საზოგადოების დამოკიდებულება და პრიორიტეტები განსხვავდება ჯგუფების მიხედვით და ასევე განსხვავებას ვხვდებით წლიდან წლამდე, მნიშვნელოვანია მდგრადი, ეფექტური და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის დანერგვა, რომელსაც საფუძვლად დაედება მუნიციპალური საჯარო დაწესებულებების შიდა რეგულაციები.

 

კარგი პრაქტიკა

2020 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტირების პრაქტიკა წარმატებით დანერგა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამოქალაქო ინიციატივებისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყო. თანხა 5 ადმინისტრაციულ ოლქში თანაბრადაა გაყოფილი (თითოეულში 200 000 ლარი). მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი ინიციატივები წარმოადგინონ. ამ დროისთვის, ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახილველად 39 სამოქალაქო იდეა წარადგინა.

2016-2017 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები მიზნად ისახავდა ეპასუხა საჯარო ფინანსების ეფექტურ მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოწვევისათვის. მონაწილეობითი ბიუჯეტირების სისტემის განვითარების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებები ითვალისწინებდა საჯარო რესურსების განკარგვის პროცესში გამჭვირვალობისა და ღიაობის გაძლიერებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გაძლიერებისა და საბიუჯეტო პროცესების დაგეგმვაში სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ოთხმა მუნიციპალიტეტმა აიღო ბიუჯეტის დაგეგმარების ელექტრონული მექანიზმების დანერგვის ვალდებულება. კერძოდ, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა ხსენებული ვალდებულების შესრულებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან. ამავდროულად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაინერგა მონაწილოებითი ბიუჯეტირების მექანიზმი,  “დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი”. ვალდებულება მოიცავდა ქუთაისის (kutaisi.gov.ge) და ახალციხის (akhaltsikhe.gov.ge) მუნიციპალიტეტების ახალ ვებგვერდებზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმის იმპლემენტაციას.

საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის ვალდებულება მოცემულია ღია მმართველობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაშიც. კერძოდ, აღნიშნული სამოქმედო გეგმა მოიცავს ბათუმის მუნიციპალიტეტის ვალდებულებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვის თაობაზე. OGP ვალდებულება ასევე ითვალისწინებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმის დანერგვასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით. ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმი აქტიურად გამოიყენება მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების მიერ.

 

საჯარო კონსულტაცია

საჯარო კონსულტაცია ოფიციალური, ხშირად იურიდიულად მოთხოვნილი პროცესია მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ პოლიტიკური პროცესის საკვანძო ეტაპების შესახებ გამოხატონ მოსაზრებები. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ელექტრონული ქსელის საშუალებით - ასევე, ასეთი ქსელის გარეშეც, ან ორივე დასახელებული მეთოდის გამოყენებით. მისი მთავარი მიზნებია ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და საზოგადოებრივი ჩართულობის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. დროულად განხორციელებულ საზოგადოებრივ კონსულტაციას შეუძლია გაზარდოს მიღებული გადაწყვეტილების ხარისხი, გააუმჯობესოს ხარჯთ-ეფექტიანობა, ხელი შეუწყოს მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიებას და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ნდობის  გაძლიერება გადაწყვეტილების მიღებაში.

საერთაშორისო სტანდარტები

არსებობს კონსულტაციის სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა მოქალაქეთა ინფორმირება და კონსულტირება პოლიტიკის იდეების დაფინანსებისთვის,  დებატები და შეხვედრები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ  შეიმუშაონ საკითხის პოტენციური გადაწყვეტები, ასეე თანამშრომლობის ისეთი ფორმები, სადაც სოციალური საწარმოები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ან ექსპერტთა ჯგუფები მონაწილეობენ მომსახურების შემუშავებასა და მის მიწოდებაში.

საჯარო კონსულტაციების ინკლუზიურობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, თითოეულ ადგილობრივ ორგანოში უნდა არსებობდეს ერთეული, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას საჯარო კონსულტაციების კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებისთვის.  ასეთმა განყოფილებამ ასევე უნდა  მოამზადოს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები საჯარო კონსულტაციების წარმართვაში. უფრო შეზღუდული რესურსების მქონე მცირე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებელ სამინისტროს, როგორიცაა რეგიონული განვითარების სამინისტრო, შეუძლია უზრუნველყოს ასეთი ტრენინგი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული სტანდარტები საზოგადოებრივი კონსულტაციების დასანერგად, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები მნიშვნელოვანია ასეთი პროცესის დანერგვის დასაწყებად:

 

ადგილობრივი კონტექსტი

საჯარო კონსულტაციები პოლიტიკის დოკუმენტებზე ფრაგმენტულად და საჯარო დაწესებულებების ინდივიდუალური შეხედულებებისამებრ ხდება. კანონპროექტები და პოლიტიკური დოკუმენტაცია ხშირად ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე, თუმცა საჯარო დაწესებულებებს შორის არ არის დაცული სისტემურობა და ერთგვაროვანი მიდგომის პრინციპი. საჯარო კონსულტაციები საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის სამოქალაქო ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

მუნიციპალიტეტებში გამართულ საჯარო კონსულტაციებს ხშირად არ გააჩნიათ ინსტიტუციური ფორმა და არ აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარდაჭერა. კონსულტაციები იმართება ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და ა. შ.

ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მიზნად ისახავს გაზარდოს ადგილობრივი ორგანოების ვალდებულებები, იმისათვის, რომ უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის მხრიდან ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება. სამოქალაქო ჩართულობისა და ადგილობრივი მმართველობის ანგარიშვალდებულების მექანიზმების გასაძლიერებლად, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ზრდას და ინფორმაციის მიწოდების ეფექტურობას, რაც უკავშირდება ადგილობრივი ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მიზანია ხელი შეუწყონ მოქალაქეებს მონაწილოება მიიღონ ადგილობრივი ორგანოების საქმიანობაში, მხარი დაუჭირონ ონლაინ მექანიზმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას და გაამარტივონ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

 

კანონმდებლობა

ამ დროისთვის, არ არსებობს ეროვნული ან ადგილობრივი კანონმდებლობა, სადაც მითითებულია საჯარო კონსულტაციების ჩატარების პროცედურული მოთხოვნები. საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ 32-ე მუხლის თანახმად, საჯარო კონსულტაციები არის გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების (EIA) სავალდებულო კომპონენტი და მისი დასკვნები უნდა დაერთოს შეფასების ანგარიშს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, როგორც სათათბირო ორგანოს შექმნას, რომელიც შედგება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მერი/რაიონის გამგებელი და ამ საბჭოს მინიმუმ ერთი მესამედი ქალი კანდიდატებისგან უნდა შედგებოდეს. მუნიციპალიტეტის მერი ოფიციალურად არის პასუხისმგებელი, სამოქალაქო მრჩევლების საბჭოში წარადგინოს სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაცია, მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტი, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების პროექტები.

 

გაიდლაინები

საქართველოში არ არსებობს ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპები საჯარო კონსულტაციების ჩატარების შესახებ; თუმცა, პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგიაში ჩამოთვლილია საჯარო კონსულტაციები, როგორც პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი.

2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო #629 დადგენილება „საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესების შესახებ“. სხვა საკითხებთან ერთად, დადგენილება მოიცავს საჯარო პოლიტიკის შემუშავების ეტაპების აღწერას და რეგულაციებს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. წესები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი მდგომარეობის დადებითად შეცვლას ისახავს მიზნად, ის არ ასახავს მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალ სტანდარტებს. კერძოდ, მოქალაქეთა მონაწილეობა სავალდებულოა პოლიტიკის დოკუმენტის პირველადი სახით შემუშავების შემდეგ. შესაბამისად, საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების საწყისს ეტაპზე მოქალაქეთა ჩართულობა  მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.

მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის და საჯარო კონსულტაციების არსებული მექანიზმები. კერძოდ, მოქალაქეებმა საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მიიღონ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებით, პეტიციების მექანიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საკრებულოების განხილვებში მონაწილეობის გზით. რეკომენდებულია შიდა ხედვის/რეგულაციის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი კონსულტაციების არსებული დონისა და პრაქტიკის შეფასებას და კონკრეტული ვალდებულებების შემუშავებას, რომლებიც იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული.

 

კარგი პრაქტიკა

ქალაქ ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმატებული აღმოჩნდა მუნიციპალურ მუშაობაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მრჩეველთა საბჭო შედგება 19 წევრისგან, რომლებიც შეირჩა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ბიზნესთან ფართო კონსულტაციების გზით. საბჭოს საქმიანობას ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით. საბჭოს შექმნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი. საბჭო ფართო მანდატით სარგებლობს და მუშაობს ადგილობრივი პოლიტიკის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე, მოსახლეობის ინფორმირებულობაზე მუნიციპალიტეტის მუშაობის შესახებ და განიხილავს ინიციატივებს, სამართლებრივ აქტებსა და პოლიტიკურ წინადადებებს. აღნიშნული საბჭოს ჩამოყალიბება და ფუნქციონირება კარგი პრაქტიკის მაგალითია, რადგან სხვა საბჭოებისგან განსხვავებით, ის ძალიან აქტიურია და რეგულარულად ტარდება შეხვედრები სხვადასხვა საკითხის განხილვის მიზნით. საბჭოს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, რომელსაც გააჩნია მონაწილეობითი ელემენტები და უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას მისი საქმიანობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის რეიტინგის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მონაწილეობითი მექანიზმის შემუშავების მხრივ ყველაზე მაღალი შეფასება ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს (87% და 72%).

ცნობიერების ზრდა თვითმმართველი ორგანოების აქტივობებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა იქცა ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებად. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია სამოქალაქო ჩართულობის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აიღო ვალდებულება განავითაროს მულტიფუნქციური მობილური აპლიკაცია - I.Gov.Zugdidi, მათ შორის აპლიკაციის ინფორმაციული და უკუკავშირის მექანიზმები. აპლიკაცია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე ფართო ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საქმიანობის განრიგზე, რეგულარულ სესიებსა და დღის წესრიგზე; ქალაქში სხვადასხვა კულტურული ან სპორტული ღონისძიებების ჩატარების თარიღებზე; ინფრასტრუქტურული პროექტების სავარაუდო დაწყებისა და დასრულების თარიღებსა და სხვა საკითხებზე. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს მიიღონ ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის პროგრამების შესახებ და აღნიშნული სერვისებით სარგებლობისა და მერიისთვის წარსადგენი სპეციფიკური დოკუმენტაციის შესახებ.

მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა განმტკიცებულია თბილისის ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია თბილისის მერიის ვალდებულება შეიმუშაოს ინტეგრირებული ვებ-აპლიკაცია მოქალაქეებისათვის. აპლიკაცია, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის მიზნით, უზრუნველყოფს ონლაინ წვდომას თბილისის მერიის ერთმანეთთან დაკავშირებულ და ყველაზე მოთხოვნად სერვისებზე. აპლიკაცია, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მობილური აპლიკაციის ფორმით. აპლიკაციის ფორმატი, გაითვალისწინებს მოქალაქეების მხრიდან სერვისების მიწოდების პროცესში უკუკავშირის მიღებას. თბილისის მერია გაანალიზებს აღნიშნულ ინფორმაციას, და ანალიზის შედეგები იქნება საჯარო ხელმისაწვდომი და გამოყენებული იქნება არსებული სერვისების გაუმჯობესებისათვის.

 

პეტიციები

საზოგადოებრივი პეტიციები საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მიმართონ საჯარო დაწესებულებებს შეგროვებული ხელმოწერების რაოდენობა მიუთითებს წამოჭრილი საკითხისთვის მხარდაჭერის დონეს. მათი მიზანია ან საკითხის მნიშვნელობის წამოწევა, ან ასევე კონკრეტული ქმედებების განხორციელების მოთხოვნა. პეტიციების ინიცირება ხშირად გამოწვეულია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით. თუმცა, ამავდროულად, იზრდება პეტიციების ოფიციალური, ონლაინ პლატფორმებით წარდგენის შესაძლებლობა, რადგან თუ პეტიცია მხარდაჭერილია ხმათა განსაზღვრული რაოდენობით, ასეთ პეტიციებზე ხდება ოფიციალური პასუხის გაცემა.

 

საერთაშორისო სტანდარტები

მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური რეაგირება მოხდეს დაუყოვნებლივ, და წარმოდგენილ იქნეს მკაფიო და დასაბუთებული მიზეზები იმ გადაწყვეტილებებისათვის, რომლებიც მიღებულია ან არ არის მიღებული პეტიციის საპასუხოდ.

იმისათვის, რომ პეტიცია გახდეს ფართო საზოგადოების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნდა გაზარდონ ცნობიერება პეტიციების ხასიათის, ხელმოწერების შეგროვებისა და პეტიციების წარდგენის პროცედურების შესახებ. ასევე გასაგებად უნდა იყოს განმარტებული ელექტრონული ხელმოწერების სტატუსი, რათა უზრუნველყოფილ იქნას  სრული გამჭვირვალობა იმ პირობების შესახებ, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს პეტიციამ ოფიციალური პასუხის მისაღებად.

შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები ეხება პეტიციებს:

 

ადგილობრივი კონტექსტი

ამჟამად, საქართველოში პეტიციების წარდგენა სისტემატურად არ ხდება ცენტრალურ და ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები აქტიურად იყენებენ არაოფიციალურ საშუალებებს ონლაინ პეტიციების (მაგ. manifest.ge) წარდგენის მიზნით. არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო ადგილობრივ ხელისუფლებაში პეტიციების წარსადგენად; თუმცა, ეს მექანიზმი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აქტიურად არ გამოიყენება, კანონმდებლობის შესახებ დაბალი ინფორმირებულობისა და შესაბამისი ონლაინ ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

ელექტრონული ჩართულობისა და ელექტრონული პეტიციის სტანდარტების განვითარება და გაუმჯობესება წარმოადგენდა საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს. სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებები მხარს უჭერენ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას იმისათვის, რომ განხორციელდეს და ამოქმედდეს პეტიციების სისტემები საჯარო ინსტიტუტებში ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე.

 

კანონმდებლობა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე და 86-ე მუხლები ითვალისწინებენ საკრებულოსთვის პეტიციების წარდგენის შესაძლებლობას. პეტიციები შეიძლება წარდგენილ იქნეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმუმ 1%-ის ან დასახლების საერთო კრების მიერ (ან 1%-ზე ნაკლები, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ იქნება განსაზღვრული).  პეტიციის მიღების შემდეგ შესაბამისი კომისია იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის შესახებ, პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების თაობაზე ან მიიჩნევს, რომ პეტიციის განხილვა არ არის მიზანშეწონილი. პეტიციის წარდგენა შეიძლება როგორც განკარგულების პროექტის, ასევე, ზოგადი პრინციპებისა და საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ფორმით. პეტიციების წარდგენის შესახებ შესაბამისი პროცედურები დეტალურად არის მოცემული საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. კოდექსი, ასევე, ადგენს, რომ შესაძლებელია ელექტრონული პეტიციების წარდგენა; თუმცა, ელექტრონული პეტიციების შესახებ შემდგომი პროცედურები ექვემდებარება ქალაქის საკრებულოს ინდივიდუალურ რეგულაციებს.

 

გაიდლაინები

იმის გამო, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი პეტიციები წარმოადგენს სიახლეს მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით, შეზღუდული ოდენობით არსებობს გზამკვლევები, რომლებიც დამატებით ინფორმაციას მიაწოდებენ მოქალაქეებს პეტიციების წარდგენის შესახებ. მუნიციპალური პეტიციების გამოყენების პრაქტიკა შეისწავლეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. კვლევა ასახავს პრაქტიკულ და სამართლებრივ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივ დონეზე პეტიციების გამოყენების თვალსაზრისით და აყალიბებს ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა:

  • უთითებს პეტიციის ავტორთა სათანადო და დროულ ინფორმირებულობაზე და პეტიციებთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე;
  • მუნიციპალიტეტებში პეტიციების მექანიზმის გააქტიურების მიზნით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას პეტიციების ბუნებისა და მათი წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით;
  • საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას პეტიციების ინიცირებაში, რეგისტრაციასა და განხილვის პროცედურებში. აღნიშნულ პიროვნებას, ასევე, უნდა დაევალოს დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირებულობა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები პეტიციებთან მიმართებაში.

 

კარგი პრაქტიკა

საქართველოში, მუნიციპალიტეტების დონეზე პეტიციების ინიცირების სხვადასხვა პრაქტიკა დამკვიდრდა.   ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების თანახმად, 16 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მინიმუმ ერთი პეტიცია იქნა ინიცირებული, საიდანაც ექვსმა საკრებულომ გაითვალისწინა და დაიცვა სამოქალაქო ინიციატივების განხილვისა და შეფასების პროცედურული მოთხოვნები.

ფოთის შემთხვევა წარმატებული ინიციატივის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ. ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის ვებგვერდზე დანერგილი ონლაინ პეტიციის მოდული გამოიყენეს და ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგისთვის ონლაინ პეტიცია დაარეგისტრირეს. ადვოკატირების წარმატებული კამპანიის შემდგომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პეტიცია გაითვალისწინა.

თბილისის მუნიციპალიტეტმა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით, დანერგა ელექტრონული პეტიციების სისტემა  ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიხედვით. თბილისის ღია მმართველობის პარტნიორობის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა აიღო პასუხისმგებლობა მოეხდინა ელექტრონული პეტიციის მექანიზმის ინტეგრირება თბილისის მერიის ვებ-პორტალზე. ელექტრონული პეტიციების პორტალს აქტიურად იყენებენ თბილისის მაცხოვრებლები. პორტალის ამოქმედების შემდეგ, წარდგენილ იქნა 1 000-ზე მეტი იდეა და 20-ზე მეტმა განცხადებამ შეაგროვა მერიის მხრიდან განხილვისათვის აუცილებელი ხელმოწერების საჭირო მინიმალური რაოდენობას.

 

ადგილობრივი რეფერენდუმები

ადგილობრივი რეფერენდუმები ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში. ადგილობრივი რეფერენდუმები აუცილებელია მოქალაქეთა ნების გამოსაკვეთად კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე

 

საერთაშორისო სტანდარტები

როდესაც რეფერენდუმი ინიცირებულია მოქალაქეების ან დაინტერესებულ მხარეების მიერ, იგი შეიძლება იქცეს ერთგვარ კამპანიად ურბანული განვითარებისთვის,  მათ შორის ახალი ინდუსტრიული პარკის დაგეგმვის ან მანქანებისთვის მდინარის ქვეშ გვირაბის გაყვანის საშულებით.

როდესაც არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე რეფერენდუმებს და ასევე, სახელმძღვანელო მითითებები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, ისინი ძირითადად ითვალისწინებენ მინიმალურ პროცენტს იმ მოსახლეობისა, რომელთა ხელმოწერებიც აუცილებელია რეფერენდუმის ინიცირებისთვის. იმის მიხედვით, თუ როგორი სამართლებრივი ჩარჩოა სახეზე, რეფერენდუმი შეიძლება იყოს სავალდებულო ან საკონსულტაციო ხასიათის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა და პროცედურები იყოს ნათელი, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, რა ფარგლებში განხორციელდება რეფერენდუმის შედეგები და რა რეაგირებას მოითხოვს პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს თუ საკრებულოს მიერ. როგორც პეტიციების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხელმოწერების შეგროვების პროცედურებისა და ელექტრონული ხელმოწერების სტატუსის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული გამჭვირვალობა იმ პირობების შესახებ, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს რეფერენდუმის ჩატარებამდე. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნა ასევე უნდა იქნას გამოყენებული რეფერენდუმის კამპანიის დაფინანსებაზე, ხარჯების ზღვრების განსაზღვრისა და დაფინანსებისა და ხარჯების დამოუკიდებელი აუდიტის ჩათვლით.

შემდეგი საერთაშორისო კონვენციები და სტანდარტები შეეხება ადგილობრივ რეფერენდუმს:

 

ადგილობრივი კონტექსტი

საქართველოში რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. კანონით დაუშვებელია ადგილობრივი რეფერენდუმის ჩატარება.

რეფერენდუმი ტარდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხების საბოლოოდ მოსაგვარებლად და შეიძლება დაინიშნოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რაც მოითხოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას, თუ რეფერენდუმი არ არის მოწვეული საქართველოს მთავრობის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს დანიშნოს რეფერენდუმი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.

კანონის თანახმად, რეფერენდუმზე დასმულ საკითხი დადებითად გადაწყდება, თუ მას დადებითად დაუჭირა მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს გააუქმოს რეფერენდუმის შედეგები კანონით დადგენილი წესით.

საქართველოში რეფერენდუმის სხვა ფორმაა საკონსულტაციო რეფერენდუმი ან „პლებისციტი“, რომელიც რეგულირდება ისევე, როგორც რეფერენდუმი, იმ გამონაკლისის გარდა, რომ შედეგი არ არის იურიდიულად სავალდებულო მთავრობისათვის.

 

კანონმდებლობა

რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს საქართველოში რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების წესსა და პროცედურას.

კანონის თანახმად, რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საკითხებზე:

  • კანონის მიღების ან გაუქმების  შესახებ;
  • ამნისტიის ან შეწყალების შესახებ;
  • საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის ან დენონსირების შესახებ;
  • საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.

რეფერენდუმის მარეგულირებელ ნორმასა და ჩატარებული ან ჩასატარებელი რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონის საფუძველზე.

 

გაიდლაინები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულია ზოგადი ინფორმაცია რეფერენდუმის შესახებ - ძირითადად კანონის დებულებები. არ არსებობს სახელმძღვანელო ან პრინციპები ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

კარგი პრაქტიკა

ამ დროისთვის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისი მაგალითები არ არსებობს.

 

ჩამოტვირთეთ სახელმძღვანელოები

ალბანეთი

ინგლისურად ალბანურად

სომხეთი 

ინგლისურად სომხურად  

 ბოსნია და ჰერცეგოვინა

ინგლისურად ბოსნიურად

საქართველო

ინგლისურად ქართულად   

მოლდოვას რესპუბლიკა 

ინგლისურად რუმინულად   

 უკრაინა

ინგლისურად უკრაინულად  

 კოსოვო*

ინგლისურად ალბანურად

სერბულად

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი